“შემაშფოთებელია, როცა ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში “

59
spot_img

შემაშფოთებელია, როდესაც “ფარას” დოკუმენტების მიხედვით, ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას [მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში], – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ თბილისში, აშშ-ის საელჩოდან არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში.

კახა კალაძის თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტებში უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე.

„ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტში არის ასახული. თქვენ ნახავდით, რომ ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე. ჩანაწერში მითითებული იყო, რომ მას ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებთან დაკავშირებით. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს, რომ ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ეს ძალიან ცუდი და შემაშფოთებელია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლობისტური კომპანია თუ კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ის ვალდებულია, ეს ყველაფერი ასახოს ოფიციალურ დოკუმენტში.

„ეს გამოქვეყნებული იყო და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე ვნახეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ დოკუმენტში კონკრეტულად წერია ადამიანის სახელი და გვარი“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება “ფარას“ დოკუმენტებში ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფიგურირებას, კახა კალაძე აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როცა პოლიტიკოსი გქვია და პოზიციის დასაფიქსირებლად ფულს იღებ. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციაში წასვლა, კალაძემ აღნიშნა: „სადაც უნდა იქ წავიდეს“.

„ზოგადად, ამორალურია, როდესაც ფულს იღებ იმაში, რომ პოზიცია დააფიქსირო და პოლიტიკოსი გქვია. ეს არის ამორალურობა და სამარცხვინოა. თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ამ ნაბიჯს დგამ და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს არის ძალიან მძიმე“,-განაცხადა კალაძემ.