,,შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავის ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ და ცდილობენ, შექმნან ობიექტური დასკვნების რაღაც ანტურაჟი”- შალვა პაპუაშვილი

8
spot_img

შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავის ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ და ცდილობენ, შექმნან ობიექტური დასკვნების რაღაც ანტურაჟი, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რამდენად ობიექტურები იქნებიან შეფასებისას სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი, რომლებიც აფილირებული არიან ოპოზიციასთან.

„თავისთავად ეს არ არის პირველი შემთხვევა, 2020 წელსაც ჩვენ გამოვავლინეთ ეს ორგანიზაციები და სხვათა შორის მაშინ, რომ უარყოფდა ზოგიერთი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციის აქტივისტი, შემდეგ პარტიებში აღმოჩნდნენ, როგორც ახლა ხდება. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავის ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ და ამით ცდილობენ, შექმნან რაღაც ანტურაჟი ობიექტური დასკვნებისა, როგორც ნახეთ აქამდე დარეგისტრირებული ორგანიზაციების 40 % არათუ რაღაც კავშირში არის პარტიასთან, პირდაპირ მათი ნაწილია, რაც დასტურდება საჯარო წყაროებიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს ეხება არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს.

„ერთ-ერთი ორგანიზაცია არის ევროპის სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქსელი, თუ არ ვცდები, სადაც „ისფედის“, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ქალბატონი ელენე ნიჟარაძე არის წარმომადგენელი. უბრალოდ დაცინვაა საერთოდ არჩევნების მიმართ, როდესაც ადამიანი, რომელმაც ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით, კინაღამ ააყირავა არჩევნები საქართველოში, ახლა ვნახეთ, რომ თბილად არის მოკალათებული ერთ-ერთ ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული ფანჯრიდან გვიძვრება უკან როგორც დამკვირვებელი. ამას უნდა დააკვირდეს ყველა, ეს დასკვნები სანდო არ არის. ეს აკრძალვა არ არის, თუ არიან პოლიტიკური პარტიის ნაწილები იყვნენ და დააკვირდნენ და შევიდნენ, ამაში პრობლემა არ არის. ამის მხილების მთავარი მიზანი არის, რომ განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა იცოდნენ და კრიტიკულად მიუდგნენ მათ ანგარიშებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.