ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეხედეთ, ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტის დროს ჩაეძინა“ (ავტორი – ტონი დაივერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
ჯო ბაიდენმა, როგორც ჩანს, გუშინ, ანგოლაში ვიზიტის დროს, აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე, ჩაიძინა – მას თვალები ერთ წუთზე მეტ ხანს დახურული ჰქონდა.
აშშ-ის 82 წლის პრეზიდენტი დაღლილად გამოიყურებოდა და ანგოლაში გამართული სამიტის დროს, მასპინძელი ქვეყნისა და მისი მეზობელი ზამბიისა და კონგოს პრეზიდენტებთან შეხვედრისას, ხრინწიანი ხმით ლაპარაკობდა.
ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტის ფილიპ მპანგოს გამოსვლის დროს კი, მისტერ ჯო ბაიდენმა სახეზე ხელი აიფარა და თვალები დახუჭა – ისე ჩანდა, რომ ჩათვლიმა. შემდეგ ამერიკელი ლიდერი, თითქოსდა უცებ გამოერკვაო, შეკრთა და თვალები გაახილა. მას ყურსაცვამები ეკეთა, თუმცა თარგმანი არ ჭირდებოდა, რადგან გამომსვლელი ჯო ბაიდენის მშობლიურ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა.
ინციდენტი მოხდა ანგოლაში ჯო ბაიდენის სამდღიანი ვიზიტის დასასრულს – ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო აფრიკაში, მისი ინაუგურაციის – 2021 წლის შემდეგ.
უკანასკნელ ხანს მისტერ ჯო ბაიდენზე ბევრი მოარული ხმები ვრცელდება, რომ იგი თავს ვერ იკავებს და საჯარო ღონისძიებების დროს ხშირად ეძინება, განსაკუთრებით საერთაშორისო შეხვედრების დროს. რასაკვირველია, ამ დროს, როცა ღრმად მოხუცი ადამიანი გაუნძრევლად ზის, ასაკი თავისას აკეთებს, გონება მოდუნებულია და თვალებს თვლემა ერევა.
4 დეკემბერს „ლობიტუს დერეფნის“ (რკინიგზის მშენებარე მაგისტრალი „ანგოლა-კონგო-ზამბია“) ქვეყნების ლიდერების სამიტში რამდენიმე აფრიკული ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. მოლაპარაკება გაიმართა მას შემდეგ, რაც მათ ლობიტუს ნავსადგურის ტერმინალი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. როგორც ჩანს, მოხუცი ამერიკელი პრეზიდენტი გადაიღალა.
მისტერ ჯო ბაიდენს ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ძნელი გადასატანია საერთაშორისო ვიზიტები და როცა მან დონალდ ტრამპთან ტელედებატები წააგო ივნისში, მარცხი ევროპულ ვიზიტს და კალიფორნიაში მგზავრობას დააბრალა. იტალიაში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ ვახშამზე არ დაესწრო, რადგან დაეძინა „დაძაბული ორდღიანი დიპლომატიური მუშაობის გამო“.
ნატოს საიუბილეო სამიტზე ვაშინგტონში ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი დამსწრეთ შეცდომით ვლადიმერ პუტინად წარუდგინა.
იმის გამო, ჯო ბაიდენი ხშირად მოჩანს ხოლმე დაბნეული და დაღლილი საერთაშორისო არენაზე, დონალდ ტრამპმა მას „მძინარე ჯო“ დაარქვა, რომელმაც ეს მეტსახელი 2019 წელს მოიფიქრა მათი პირველი წინასაარჩევნო დებატების დროს.
ანგოლაში 4 დეკემბერს გამართული შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა თავის აფრიკელ კოლეგებს უთხრა, რომ მას ძალიან მოეწონა „ლობიტუს დერეფანში“ გასეირნება, სადაც რკინიგზის მშენებლობაში აშშ-ის ინვესტიციებია ჩადებული. თავის გამოსვლაში „მძინარე ჯომ“ ანგოლას „მშვენიერი ქალაქი“ უწოდა, თუმცა იქვე გაასწორა; „ბოდიში, გამახსენდა, რომ ანგოლა ქალაქი არ არის. მინდოდა მეთქვა, ანგოლის ამ მშვენიერ ქალაქში“. მან კომენტარი გაუკეთა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას და განაცხადა: „როგორც იცით, მე ჩემი პრეზიდენტობის ბოლო კვირებს ვითვლი. ტაშს არ ვითხოვ, მაგრამ თუ გსურთ, შეგიძლიათ ტაშიც დამიკრათ“.
მოამზადა სიმონ კილაძემ