,,შეიარაღება ვერ მივიღეთ და არც ფულს დაგვიბრუნებენ” – ევგენი გრუშოვეცი

220
spot_img

დიდი ალბათობით, თავდაცვის სამინისტრო ვერ დაიბრუნებს მილიარდობით გრივნას, რომელიც შეიარაღების იმპორტიორ კომპანიებს გადაუხადა, თუმცა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა არ მიუღია. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ, ევგენი გრუშოვეცმა განუცხადა.

„ეს რეალური პრობლემაა, იმიტომ რომ ამ იმპორტიორებს ფული არ აქვთ. თუ იურიდიულ მხარეზე ვსაუბრობთ, თავდაცვის სამინისტრომ ან სასამართლოს უნდა მიმართოს და თანხის დაბრუნება მოითხოვოს, ან განაცხადოს თანხებით დანაშაულებრივი გზით დაუფლების შესახებ. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს იმპორტიორს, რომ მან ფული დააბრუნოს. თავდაცვის სამინისტრო მიმართავს სასამართლოს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. იქ ყველაფერი მარტივია: იყო კონტრაქტი, თანხა გადახდილია, მიწოდება არ განხორციელებულა. შესაბამისად, მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თანხების ამოღების შესახებ და ამით ყველაფერი დასრულდება. კიევის სასამართლოს არ შეუძლია, ჩავიდეს იმპორტიორთან და თანხა ამოიღოს – ხშირად მათ ანგარიშებზე არათუ ნული, არამედ მინუსია“, – აცხადებს გრუშოვეცი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო აღსრულების სამსახურს მიმართავს, რომელიც წარმოებას დაიწყებს და უმალვე შეაჩერებს, ვინაიდან დღეისათვის მოქმედებს მორატორიუმი სახელმწიფო საწარმოებისგან ფულის ამოღების თაობაზე, ეს სპეციმპორტიორები კი სახელმწიფო კომპანიებია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეიარაღების საერთაშორისო შესყიდვებით დაკავებულმა უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიებმა 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტების მიხედვით მილიარდობით გრივნა მიიღეს, თუმცა სამინისტროსთვის შეიარაღება არ მიუწოდებიათ. ვადაგასულ კონტრაქტებში მითითებული საერთო თანხა 8,9 მილიარდი გრივნას შეადგენს.