შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ვითარების შესაბამისად მიიღება.
„მთავარი არის ის, როგორ შეიძლება მთელი საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოება იყოს ერთ მხარეს და მარტო „ქართული ოცნება“ იყოს მართალი. ვიცით, რომ დაშინების ძალიან ბევრი ფაქტი არსებობდა. არ გაგვიხმაურებია ეს ფაქტები, ვერც გავახმაურებთ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ყველა ფაქტზე დამატებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“,-განაცხადა კორძაიამ.
მან ასევე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ გაყალბებაზე ქართული საზოგადოება სათანადოდ ხმას არ ამოიღებთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება.
„მთავარი საფრთხე დადგა, ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველაფერი იკადრა, დაწყებული ბიულეტენების ჩაყრიდან, დამთავრებული მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ბიულეტენების ჩაყრით. ბუნებრივია, თუ ჩვენ ამაზე სათანადოდ ხმას არ ამოვიღებთ და არ დავიცავთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი არჩევანის დაცვა და ეს არჩევანი იყო ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება. ეს არჩევანი არ ყოფილა ის, რომ ოპოზიციისთვის და „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულ მცირე, ხმების 12% მოეპარათ“,-განაცხადა კორძაიამ.