შარლ მიშელმა ისრაელის საკითხზე ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი მოიწვია

91
spot_img

შარლ მიშელმა 17 ოქტომბერს ისრაელის საკითხზე ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი მოიწვია, რომელიც ვიდეოფორმატის რეჟიმში გაიმართება.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ტერორს გამართლება არ აქვს.

„ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მძევლები დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულთა ოჯახებს.

ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო კანონმდებლობის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სრული დაცვით. ღაზის სექტორში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომელიც გამოწვეულია განხორციელებული ალყისა და ძირითადი საჭიროებების ნაკლებობით, დაბომბვით გამოწვეული ნგრევით, საერთაშორისო საზოგადოებაში საზოგადოებისთვის განგაშის ზარია.

მსურს მოვიწვიო ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სამშაბათს, 17 ოქტომბერს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი სტრატეგია, რომელიც ასახავს განვითარებული მოვლენებისა და არსებული სიტუაციის სირთულეს“, – აღნიშნა მიშელმა.

მისივე განმარტებით, ამ კონფლიქტს აქვს გავლენა და მოჰყვება შედეგები, მათ შორის ევროკავშირში.

„ევროკავშირი ყოველთვის იყო და ყოველთვის უნდა იყოს მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მტკიცე დამცველი, როგორც ეს იყო რუსეთის აგრესიული ომის შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირმა უნდა იმუშაოს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის, ჰუმანიტარული სამართლის ნებისმიერი დარღვევის თავიდან აცილების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია რეგიონულ აქტორებთან ჩართულობა, რადგან მათ შეუძლიათ ეფექტიანი როლის შესრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის ძიების გზები. მიმდინარე კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ჩვენი საზოგადოებებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული შედეგები. თუ ჩვენ არ ვიქნებით ფრთხილად, კონფლიქტს აქვს პოტენციალი გააძლიეროს დაძაბულობა საზოგადოებაში და ექსტრემიზმი.

და ბოლოს, არსებობს მიგრაციისა და დიდი რაოდენობით ხალხის გადაადგილების მაღალი რისკი მეზობელ ქვეყნებში, რომლებმაც უკვე მიიღეს ლტოლვილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. თუ ფრთხილად არ მოხდება პროცესების გაანალიზება, მაშინ არსებობს ევროპისკენ მიგრაციის შემდგომი ტალღების მაღალი რისკი. აუცილებელია, ყველა ამ გამოწვევას ერთად გადავხედოთ. ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა“, – განაცხადა მიშელმა.