
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გადასცა.
აღნიშნულის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გადავეცი. საინაუგურაციო ბიბლიის გამოცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სპეციალურად საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის დამზადდა. საინაუგურაციო ბიბლია შემკულია დავით კაკაბაძის სახელოსნოში დამზადებული ხელნაკეთი ქართული ტიხრული ფილიგრანით. ბიბლიის წინა მხარეს არის ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრით შესრულებული ხატების გამოსახულებები. ცენტრში გამოსახულია ყოვლადწმინდა სამების ხატი, რომელიც შესრულებულია კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ხატიდან. ყოვლადწმინდა სამების ხატის გარშემო ტიხრული მინანქრით შესრულებულია ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს – ხატის გამოსახულება. ბიბლიის უკანა მხარე შემკულია მე-11 საუკუნის ქართული ტიხრული ფილიგრანით. მასზე ქართული ფილიგრანებითა და ორნამენტებით სიმბოლურად გამოსახულია საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა. ასევე, სპეციალურად ინაუგურაციისთვის დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუციის სამი თანაბარწონადი ორიგინალი, საიდანაც ერთი განთავსებული იქნება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში, მეორე გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას, მესამე კი – ეროვნულ არქივს. 2024 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად, საქართველოს არჩეული პრეზიდენტები ღვთისა და ერის წინაშე ფიცს სწორედ ამ საინაუგურაციო ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.