შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

1
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რაც ასახვას პოვებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე.

შალვა პაპუაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს დადებითი დინამიკა საპარლამენტო ურთიერთობებში და კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განსაკუთრებულ როლს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის კვლავ გამართვა.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. აღინიშნა ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის მზაობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებაზე იქნება მიმართული.

შალვა პაპუაშვილმა ნუმან ქურთულმუში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის მიერ თურქეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე; თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.