“ჩასატარებელია დამატებითი კვლევები” – რატომ დაიწყო ქვათა ცვენა რიკოთზე

2357
spot_img

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი თქმით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათა ცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამ გამოიწვია აღნიშნულ მონაკვეთზე ქვათა ცვენა და შეიძლება ველოდეთ კიდევ მსგავს ფაქტებს?

ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთი, ყველაზე რთული მონაკვეთია, ახლად მშენებარე ავტობანის გასწვრივ და შესაბამისად საკმაოდ რთული კვლევები იყო ჩატარებული.

„ნაწილობრივ ვიცნობ ამ კვლევებს. უნდა გითხრათ, რომ იმ კვლევების თანახმად, პრინციპში, სწორი სტრატეგია იყო არჩეული, რომელიც გულისხმობდა გარკვეული რაოდენობის სტანდარტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ამა თუ იმ სირთულის მონაკვეთებისათვის. მაგრამ ეს არ გამორიცხავს გარკვეულ მოულოდნელობებს. შესაძლებელია იყოს ისეთი რამ, რაც ამ კვლევებში ბოლომდე გათვალისწინებული არ არის. ასეთ შემთხვევაში ჩასატარებელია დამატებითი კვლევები და იმ კონკრეტული მონაკვეთისთვის უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები.

როგორც ჩანს, რაღაც მონაკვეთებისთვის, რიკოთის შემთხვევაში, კვლევა ბოლომდე კარგად არ არის გაკეთებული, ან რაღაც სხვა მიზეზია. ფაქტი სახეზეა, რომ გაუთვალისწინებელ ფაქტორებთან გვაქვს საქმე. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს; მაგალითად, მოვლენების გაუთვალისწინებლობა, ან მასალების ხარისხის შეუსაბამობა და ა.შ. ერთი რამ ცხადია, რომ ეს ძალიან რთული მონაკვეთია, რომელსაც სერიოზული კვლევები სჭირდება, მშენებლობის პროცესში კი აუცილებალია მონიტორინგი,“– აცხადებს ჩვენთან საუბარში გეოლოგი.

როგორც ის განმარტავს, მსგავს მეწყრულ პროცესებს გაზაფხულის პერიოდში წვიმები და თოვლის დნობა იწვევს.

„კარგი იქნებოდა, რომ ეს გათვალისწინებული და წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო. არსებობს წინასწარ დაგეგმილი მეთოდოლოგია, ვთქვათ, სპეციალურად იწვევ ქვათა ცვენას, ან – ააქტიურებენ მეწყერს. ასეთი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ვფიქრობ, გარკვეული ფაქტორები ბოლომდე არ იყო გათვალისწინებული.

ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეული ხარჯების მომატებას, რისი გათვალისწინებაც მომავალში აუცილებელია.

ნებისმიერი, მითუმეტეს ასეთი სახის ნაგებობები, გვირაბები, კაშხლები და ა.შ. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ყოველთვის უნდა ხდებოდეს შემოწმება, ბზარების დადგენა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ღონისძიებების გატარება პროექტში ჩადებულია. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მაგისტრალი მთელი საქართველოსთვის და რეგიონისთვის. ჩემი აზრით, მისდამი ყურადღება კიდევ უფრო გაიზრდება,“- აღნიშნავს არჩილ მაღალაშვილი.

/ ნინო ოთარაშვილი /