სერგი კაპანაძემ NGO-ების დაფინანსებაზე კომენტარი გააკეთა

14
spot_img

არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ეს იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც სამწუხაროდ დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მედია საშუალებები ეწევიან – ასე უპასუხა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ფინანსდებიან.

მისივე თქმით, პროპაგანდის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია. კითხვაზე, თუ რამდენად არის სწორი პოლიტიკაში ამ კუთხით თანხების შედინება, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც რომ თავიანთი აქტიური პოზიცია გამოხატონ ბევრ თემაზე.

„ამ პროპაგანდის ამოცანა და მიზანია, რომ მოახდინონ არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაცია და ბრალი დასდონ იმაში, რომ თითქოს ისინი პოლიტიკურ პროცესებში ერევიან. ამ დროს, ძალიან მარტივი ანაბანა არის დემოკრატიის, რომ იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაცია, მათ აქვთ არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც რომ თავიანთი აქტიური პოზიცია გამოხატონ ბევრ თემაზე. რაც შეეხება დონორებს, დონორებს ასევე აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეუწყონ ხელი. სამწუხაროდ, დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება და სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ როგორც საქართველოს პროდასავლური არჩევანის და ჩვენი პარტნიორების დისკრედიტაცია, ისე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. შესაბამისად, არაფერი პრობლემატური იმაში, რასაც თქვენ ცდილობთ რომ გამოიყვანოთ არ არის. ყველაფერი არის ლეგალური, ლეგიტიმური და უფრო მეტიც, საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული. გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ეგ ითვლება პრობლემად და ასეთები არიან რუსეთი და სხვა ავტოკრატიული ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის იქ ეძებენ ძაღლის თავს, სადაც თქვენ ახსენეთ“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.