სერბეთის პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი განსახილველად შეიტანეს

6
spot_img

„სერბეთის სოციალისტური მოძრაობის“ დეპუტატებმა, რომლებსაც ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი ხელმძღვანელობს, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „კომერსანტი“ ავრცელებს.

კანონპროექტი „უცხოურ აგენტებად“ აცხადებს არაკომერციულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, რომელთა ბიუჯეტის 50% საზღვარგარეთიდან მიღებული თანხებით ფინანსდება. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს „უცხოური აგენტის“ სტატუსით რეგისტრაცია და ყველა მათ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ამ სტატუსის მითითება მოუწევთ.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, იმ პირებს, ვინც კანონს დაარღვევენ, გარკვეული საქმიანობა აეკრძალებათ, ასევე დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ჯარიმა 5000-დან (42 ევრო) 2 მილიონ დინარამდე (17 000 ევრო). პროექტის მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრს იუსტიციის სამინისტრო მართავს. მას ასევე აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი კანონდარღვევისთვის შეუჩეროს საქმიანობა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან.

პარტიაში, რომელმაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში შეიტანა, განაცხადეს, რომ ინიციატივა მიმართულია „არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობის გაზრდისკენ”, რადგანაც, დეპუტატების აზრით, ზოგიერთი ორგანიზაცია „აშკარად მუშაობს სერბეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“.

„სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერის, სერბეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ვულინის თქმით, კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ შემუშავებულია აშშ-ის შესაბამისი კანონის მიხედვით, რომელიც კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას საზღვარგარეთიდან.
თუმცა, სერბეთის ოპოზიცია აღნიშნავს, რომ იგი უფრო ჰგავს რუსეთში ან საქართველოში მოქმედ რეპრესიულ კანონებს, ხოლო აშშ-ის კანონი სხვა საკითხებს არეგულირებს.

მსგავსი კანონის მიღების ინიციატივით სერბეთში წლის დასაწყისშიც გამოვიდნენ, მაგრამ ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკის შემდეგ უკან გაიწვიეს.

როგორც „კომერსანტი“ წერსა, სერბეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს რუსეთს და პასუხისმგებელია „ბრიქსის“ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. 2023 წელს მან ბალკანეთის რეგიონში რუსეთის საქმიანობის ხელშეწყობის გამო დაწესებული სანქციები დაარღვია.