სერბეთის განათლების მინისტრმა, ბრანკო რუზიჩმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუზიჩმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოთხშაბათს დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის დროს რვა ბავშვი და ერთი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, ხუთშაბათს კი, შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
ოპოზიციურმა პარტიებმა მომხდარში სერბეთის მთავრობა დაადანაშაულეს და სხვა საკითხებთან ერთად, განათლების მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს.
„როგორც პასუხისმგებლობის მქონე და კარგად აღზრდილმა ადამიანმა, როგორც პროფესიონალმა ყველა საჯარო მოვალეობის შესრულებაში, როგორც მშობელმა, როგორც უბრალოდ სერბეთის მოქალაქემ, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“, – განაცხადა რუზიჩმა.