ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „როგორც ქალაქ თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა“.
ეკონომისტის თქმით, სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში, ისე ბიზნესისათვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით.
„როდესაც 2021 წლის ბოლოს სემეკის მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან, თბილისსა და რეგიონებში ელქტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზრდა, მისი საფასურის მატება დიდწილად იმ პერიოდში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგი იყო. თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით გაიზარდა. ტარიფები გაიზარდა იურიდიული პირებისთვის საშუალოდ 11 თეთრით.
სემეკის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან იყო უხვი სპეკულაციები ტარიფის გაზრდა სთან დაკავშირებით, აქცენტები კი ზამთრის პერიოდზე იყო გადატანილი.
ნიშანდობლივია, რომ დღეს სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (სამომხმარებლო და კომერციული) მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ფაქტიურად, დავუბრუნდა გაძვირებამდე ტარიფს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღნიშნული ტარიფი 3 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრის ნაცვლად 15.041 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 22.053 თეთრის ნაცვლად 19.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 26.537 ნაცვლად 23.537 თეთრს.
მიმაჩნია, რომ სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიიდში, ისე ბიზნესისათვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით.
სემეკის გადაწყვეტილება კი შესაძლებელი გახდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორი წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებით, რამაც თავის მხრივ, ლარის გაცვლითი კურსის შეუქცევად გამყარებასაც შეუწყო ხელი“, – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა, წყალმომარაგების კომპანიას კი ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა.