საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არ არის ერთიანი პარტიული სია. ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ პრაგმატულ სვლას, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას და ხელისუფლების ცვლილებას, პარტიაში გაითვალისწინებენ.
“როცა ვიყავი იქ, სადაც ვიყავი, თვეების განმავლობაში, მთელი ნარატივი ჰქონდათ, რომ მე ვცდილობდი იმ პარტიიდან გამიჯვნას. ახლა თქვენ გაწყობთ სხვაგვარად წარმოაჩინოთ, თითქოს, ჩვენ პარტია “ახალს” კი არ ვაშენებთ, ახლებურ საწყისებსა და მიდგომებზე, არამედ გინდათ, რომ პარტია “ახალი” დააკავშიროთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ეს არ გამოვა, რადგან საზოგადოებასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, მათ ესმით, ხედავენ, რომ თუ ჩვენ რაიმეთი განვსხვავდებით ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიისგან, ეს არის, პირველ რიგში, მავნე გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა, სადაც ანგარიშვალდებულება არის მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე. პარტია “ახალში” არის უკვე ინტეგრირებული ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი, რომლებიც არასდროს ყოფილან წინა სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლები. ეს პარტია კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და ეს არის ძალა, ქართული დემოკრატიისთვის. ქართული დემოკრატიის გადასარჩენადაც არის შექმნილი პარტია “ახალი”.
ჩვენ, პირველ რიგში, გვინდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია გვქონდეს ამომრჩეველთან. ამის შემდეგ ნებისმიერი პრაგმატული სვლა, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას და ხელისუფლების ცვლილებას, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული ჩვენ მიერ.
ერთიანი სია, როგორც მოცემულობა, არ არის მომგებიანი ქართული ოპოზიციისთვის. საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არ არის. ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში”, – განაცხადა მელიამ.