საზოგადოებას დაპირისპირების ის ფორმა არ უნდა ახასიათებდეს, რაც „ოლეთა“ სექტას სჩვევია -გია ვოლსკი

6
spot_img

ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა და დონე, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია – ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ, განსაკუთრებით პატარა გოგონებმა ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მსგავს პროცესებში „გაუცნობიერებელი ახალგაზრდები მონაწილეობენ“.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია ძალების გაერთიანება – მათ შორის, გამოვიდნენ ევროპული ქვეყნის ელჩები და თქვან, რომ არ მიესალმებიან, რომელი მხარეც გინდა ის გააკრიტიკონ, მაგრამ სამართლიანები უნდა იყვნენ. სამართლიანობას თუ მივყვებით, ვფიქრობ, ეს შემოტევა დაგეგმილი, იდეა უცვლელია და ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ამაში მონაწილეობს, შეცდომაშია შეყვანილი. არის ჯგუფი, რომელიც ამას გეგმავს, ახორციელებს და იმ მიზნის მიღწევა სურს, რაზეც არაერთხელ გვითქვამს. სამწუხაროა, რომ ამაში ეს გაუცნობიერებელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ – გოგოები თუ ბიჭები. თუმცა გოგოების მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მხრიდან დედის გინება განსაკუთრებული სტრატეგიული ამოცანაა და სცენარის ნაწილია, რომ საქართველოში ეს მდგომარეობაა – პატარა გოგონებიც იგინებიან ასე მწარედ და მძიმედ. კიდევ არის ელემენტები, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას ახასიათებს.

არც მე და არც კახას [კალაძეს] არ დაგვინახავს ქალები, რომლებიც მოკრივის ფუნქციას ასრულებენ. ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ. ქალებმა, განსაკუთრებით პატარა გოგოებმა ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს – ეს ყველაფერი გეგმა და სცენარია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მოძალადეა – არის “ოლეთა ჯგუფი და სექტა.”

„მოძალადეებს ეძახით ადამიანებს, ვინც დგას და თავს ესხმიან. რაც არ უნდა ვიდეო მაჩვენოთ, არ არის დამარწმუნებელი. ასე რომ მიუვარდებით ადამიანს, გინებას დაუწყებ, ეტყვი რომ რუსი ხარ, მოღალატე ხარ, „კაგებეს” აგენტი ხარ და იმან პასუხი გაგცა, თქვენთვის ეს არის [ძალადობა]. ეგ სიმღერა მგონი თქვენ და მაგათ ყველას ერთად გეკუთვნით, თავისი შინაარსიც და 10-ჯერ მეტიც. როცა ადამიანის წყობიდან გამოყვანას, სროლას, გინებას სპეციალურად აორგანიზებ, იქიდან პასუხი იქნება. თქვენი მიზანია ისიც რომ მეკითხებით და გინდათ, რომ წყობილებიდან გამომიყვანოთ, მაგრამ ვერ მიაღწევთ. თუ ვინმე მოძალადეა – ხართ თქვენ, თქვენი გუნდი, „ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, ტერორისტული აქციების მომწყობი – ფიზიკური იქნება ეს თუ მორალურ-ფსიქოლოგიური, დიდი განსხვავება არ აქვს. არც ფიზიკურისგან იკავებთ თავს, პირიქით ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ სისხლი დაღვარონ, ტერორისტები ხართ შინაარსით და აზრით, ეს არის ტერორიზმი – თქვენ ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც გაგაჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.