ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის. გაბიტაშვილმა, აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ „ქართული ოცნების” დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ვინაიდან ეს ინციდენტი მოხდა საზღვარგარეთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ადამიანები არა მარტო რაღაც გარკვეული გეგმით მოქმედებენ, არამედ ფსიქიკურად დაზიანებულები არიან და სამწუხარო არის, რომ ასეთი არაერთია.
ეს „აღშფოთებული“ გარკვეული საზოგადოება არის შეტევაზე გადმოსული. ასეთი ფაშისტური გამოვლინება და არა მარტო ეს ერთი გამოვლინებაა, არის მახასიათებელი იმ პროპაგანდით მოწამლული ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში.
ორგანიზებულია ეს შეტევა თუ არა, ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც სახელს უტეხს ქვეყანას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.