სავალალო სურათი ჩამოყალიბდა საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო თუ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პირდაპირ ქართული საარჩევნო კამპანიის თანამონაწილე ხდება – ირაკლი ქადაგიშვილი

8
spot_img

ძალიან სავალალო სურათი და პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო თუ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პირდაპირ ქართული საარჩევნო კამპანიის თანამონაწილე ხდება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი უხეში დარღვევა, ქვეყნის სუვერენიტეტის და დიპლომატიის მცნების, საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლური პრინციპებისა და დემოკრატიის შელახვა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ეს იწვევს არა მარტო ცუდ შედეგებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ მერე ეს აისახება უკვე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ამის კონკრეტული მაგალითია ის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოში ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მხარე, დამარცხების შემდეგ იქცევიან ისე, როგორც დამარცხებული მხარე. ერთგვარი სამაგიეროს გადახდის პროცესში არიან გადასული. მსგავსი საკითხის პოლიტიზება გადადის და აისახება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში.

ეს პრაქტიკა, რომ მე დღეს მაწყობს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და ჩავერევი არა უშავს, სინამდვილეში გრძელვადიანად აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ამცირებს ნდობას საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესის მიმართ და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ არის აღმოსაფხვრელი.

საქართველო არ უნდა წარმოიდგინოს ჩვენმა მოქალაქემ ისე, რომ რახან ჩვენ საერთაშორისო ინტეგრაციისკენ მოწოდებული სახელმწიფო ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა შეილახოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისოდ აღიარებული კანონები საქართველოში ნაწილობრივ უნდა მოქმედებდეს.

საქართველო არსებობს, მუდმივად იარსებებს, ბუნებრივია საქართველოს ექნება უფრო მზარდი ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან მათ შორის ევროკავშირთან და მის წვერ სახელმწიფოებთან, მაგრამ ყველა ამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მათ მიერვე მიღებული საერთაშორისო ურთიერთობის და თამაშის წესები და ეს წესები უნდა გავრცელდეს საქართველოზეც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.