საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის, იმაზე, ვინ გახდება და არ გახდება ამ ანტიქართული კოალიციის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას და სალომე ზურაბიშვილის შესაძლო ალიანსთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რომელიც გიორგი გახარიამ და სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში“.
„რაც შეეხება შესაძლო ალიანსს, ვერ გეტყვით, მათ უნდა გასცენ ამაზე პასუხი. მგონი, ძალიან ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რომელიც როგორც გიორგი გახარიამ, ისე სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კალაპოტში და ბანაკში. ერთი ერთზე ხდება, პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ხოლმე ამ სახეცვლილებას, როგორ იცვლიან რიტორიკას, როგორ იცვლიან დამოკიდებულებას, როგორ ესხმიან თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ერთი-ერთში როგორ ხდება ხოლმე ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების შეთვისება. ასე რომ, აქ საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის, იმაზე, ვინ გახდება და არ გახდება ამ ანტიქართული კოალიციის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.