“საცობების მთავარი მიზეზია ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა” – კახა კალაძე

46
spot_img

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების „გადაჭარბებული რაოდენობაა“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საცობების მიმართულებით იმისთვის, რომ „რაღაცები გამოსწორდეს“, ერთადერთი გზა ის პოლიტიკაა, რომელსაც დედაქალაქის მერია ატარებს.

„საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ. მე გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი – თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ მოიტანეთ ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს.. კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საცობების გამო, გუშინ ხანძრისას გამოძახებაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების შესაძლო დაგვიანებას შეეხებოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ საცობების მიუხედავად, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს.

„არანაირი დაგვიანებით არ მისულა {სახანძრო მანქანა]. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეგ ინფორმაცია და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, რამდენ წუთში მივიდა სახანძრო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაადგილება, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებას იმის კულტურა აქვს, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ“,- განაცხადა კალაძემ.