„სასტუმრო „სტამბა“ თბილისის „ბუტიკ“- სასტუმროების ტრენდულ სახეს განსაზღვრავს“ – უცხოური პრესა

96
spot_img

ამერიკულ „ფორბსში“ (Forbes) რუბრიკით „მოგზაურობა და ცხოვრების სტილი“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სასტუმრო „სტამბა“ თბილისის „ბუტიკ“-სასტუმროების ტრენდულ სახეს განსაზღვრავს“ (ავტორი – ლორენ მოუერი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ულტრამოდური სასტუმროს – „სტამბის“ დიზაინი და მომსახურების სერვისი.

„ათი წლის წინ თბილისში ძნელად თუ იპოვიდით საშუალო სტატიკურ უცხოელ ტურისტს. მართალია, ისინი ამჟამადაც არ წარმოადგენენ მეინსტრიმულს, მაგრამ ისეთი მცოდნე მოგზაურებისათვის, რომლებსაც უყვართ საჭმელები, ღვინო და დიზაინი, საქართველო დღეს „სწორედ ის ადგილია, სადაც 2024 წელს უნდა იმოგზაურონ“, – ნათქვამია სტატიაში.
თბილისი ტურისტების რაოდენობით ლიდერობს. დღეს საქართველოს დედაქალაქს შეუძლია თავი მოიწონოს ისეთი ფეშენებელური ობიექტებით, რომლებშიც „სიცოცხლე სჩქეფს“. მათ შორის არის ბუტიკ-სასტუმრო „სტამბაც“, რომელმაც ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი ამგვარ ტენდენციას. „სტამბა“შედარებით უფრო ძველი სასტუმროს – Rooms Hotel Tbilisi-ს თანამედროვე მაღალი კლასის მემკვიდრეს წარმოადგენს, რომელიც განთავსებულია 1930-იან წლებში აგებულ შენობაში და რომელსაც ოდესღაც ცნობილი სახელისუფლო-პარტიული გამომცემლობა ფლობდა.

ისტორიული ფონი სასტუმროს განსაკუთრებულ ვიზუალურ ხიბლს მატებს, რომელსაც ემატება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ცენტრალურ ატრიუმში დარგული ხეები, ნომრების ეგზოტიკური გაფორმება და სხვა. სასტუმრო, რომლის კაფეები საოცარი ბროლის ჭაღითაა დამშვენებული, პოპულარული ღირსშესანიშნაობად იქცა როგორც უცხოელი მოგზაურებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც“, – წერს ავტორი, – „სასტუმროს კაფეებში შეხვდებით ცნობილ მოდელებს, გავლენიან პირებს და შეძლებულ რუსებს… დღისით კაფეებში იკრიბებიან ამერიკელები და მდიდარი „ციფრული მომთაბარეები“, ღამით კი ადგილობრივი მცხოვრებლები“.

„სასტუმრო „სტამბა“ წარმოადგენს გაეროს მიერ შემუშავებული პროგრამის 17 მიზნის განხორციელებას მდგრადი განვითარების სფეროში, რომელიც, სხვა მომენტებთან ერთად, მოიცავს ყოფილი საბჭოთა გამომცემლობის პროფილის შეცვლას ორიგინალური სტრუქტურის, ფასადისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე დეტალების შენარჩუნებით. სასტუმროში განთავსებულია ფერმა – პირველად საქართველოში – რომელშიც მოჰყავთ ბოსტნეული და სხვა კულტურები.

„სტამბა“ მდებარეობს თბილისის ყველაზე ცნობილ რუსთაველის გამზირზე, სადაც სხვადასხვა ეპოქის შენობები გვერდი-გვერდ დგანან – მე-19 საუკუნეში აგებულ სახლებს ზემოდან თანამედროვე სტილით აშენებულები დაჰყურებენ. „სტამბის“ ახლოს მდებარეობენ დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები – საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, პარლამენტი… „სტამბას“ მართავს დიდი მიზნების მქონე „აჭარა-ჯგუფი“ (Adjara Group), რომელმაც თბილისის ვერის უბანი ამბიციურად გარდაქმნა გასტრონომიის, რესტორნების, მოდებისა და ხელოვნების ცენტრად. „სტამბიდან“ გამოსვლისას ყველა მიმართულებით დაინახავთ ნატურალური ღვინის მაღაზიებს, ტანსაცმლის ბუტიკებს და თანამედროვე რესტორნებს, მაგალითად, როგორიც არის „ქეთო და კოტე“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე „სტამბის“ რესტორნის მენიუ (განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძებს), ხაზგასმულია სერვისის მაღალი დონე – ინოვაციური სივრცის არსებობა სტარტაპერებისათვის, ინვესტორებისათვის და კულტურის სფეროს სპეციალისტებისათვის.

წყარო