სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ხმაური იყო (ფოტოები)

84
spot_img

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.

კერძოდ, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი შევიდა. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში მიკროავტობუსებით, სავარაუდოდ, ქორწილის სტუმრები მივიდნენ.

აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით: „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“

. მათი მანქანები კი ყვარლის ტბის სასტუმრომდე ქართულმა პოლიციამ კორდონით შეაცილა

პოლიცია აქტივისტებს მოუწოდებს, შლაგბაუმი არ გადაკვეთონ.

ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.