პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი დატოვებს ორბელიანების სასახლეს და მის ადგილს ახალი პრეზიდენტი დაიკავებს.
როგორც პაპუაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრის დროს განაცხადა, სამართლებრივი სახელმწიფო იმას გულისხმობს, რომ არის წესები, კანონები და ამას ყველა უნდა აცნობიერებდეს.
“მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური შეგნება, რომელიც ამ პოლიტიკურ ბანაკს აქვს, რომლის ნაწილიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ეს “ნაციონალური მოძრაობის” ტიპური მიდგომებია. ასე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ეს არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს, კონსტიტუციის, ხალხის მიმართ.
გამოდიან და ამომრჩეველს პირდაპირ ეუბნებიან – თქვენ არავინ არ ხართ. ეს არიოს ავტორიტარიზმის მიდრეკილებები, მათთვის ხალხი არაფერი არ არის, მთავარია მათი გემოვნება და თვით აღქმა, რომ ისინი უნდა იყვნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და აქედან ვერ გამოდიან ბოლო 12 წელია. იქამდე 9 წელი იყვნენ და შეირგეს, მანამდეც იყო “ნაციონალური მოძრაობის” ეს ბირთვის ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს.
რაც შეეხება შენობას, არ მგონია, ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოდის, რომ ის ამით თავის მუდმივ პრეზიდენტობას არა სამართლებრივი ლეგიტიმაციას, არამედ შენობით ლეგიტიმაციას უკავშირებს და ეს უკვე სასაცილო იქნება, თუ ფიქრობს, რომ მისი ლეგიტიმაცია გამომდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც არის.
სამართლებრივი სახელმწიფო იმას გულისხმობს, რომ არის წესები, კანონები და ყველა უნდა აცნობიერებდეს ამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის სურვილი. არ მგონია, რომ თავის მხრივ, ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე, ან თუნდაც მისი ადმინისტრაცია.
მეორე საკითხია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ერთი არის პოლიტიკოსის ქმედებები, მისი რადიკალიზმი და ექსტრემიზმიც კი, რასაც ვხედავთ იმ პოლიტიკურ ბანაკში და მეორე არის, რომ გაწირო შენი ადმინისტრაციის თანამშრომლები ასეთი ქმედებისთვის.
მყარად ვფიქრობ, რომ 19 დეკემბერს მაშინ, როდესაც შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი შევა უფლებამოსილებაში, ის შესაბამისად დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც ეს ჩვენი კანონით, კონსტიტუციით და რაც მთავარია, ხალხის ნებით არის დადგენილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
“არ დაგვავიწყდეს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც 2 მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 120 000-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა “ქართულ ოცნებას” და ამით მისცა ქვეყნის მართვის მანდატი. არ დაგვავიწყდეს ეს და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ადამიანები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვთ სახელმწიფოსთან მიმართებით, არ დაავიწყდეთ თითოეული ეს ამომრჩეველი. მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა თავის რჩეულ პარტიებს, იმისთვის, რომ მათ პარლამენტში წარმოადგინონ ისინი. ასე, რომ ნურავინ ნუ ეცდება თვალი აარიდოს მილიონ ასოცი ათასს საქართველოს მოქალაქეს.
არც ჩვენ, “ქართული ოცნება,” როგორც პარტია და არც ჩვენი ამომრჩეველი არ აპირებს, რომ ამომრჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც კი ახლა რაღაც აბსურდულ გეგმებს აწესებს.- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ