
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
მოსამართლის განცხადებით, ნიკა მელიამ მიზანმიმართულად არ გადაიხადა გირაო. მისივე თქმით, დღეისთვის გირაოს გადახდის ვადა ამოწურულია.
ამასთან, როგორც პროცესზე ირაკლი შვანგირაძემ განაცხადა, ნიკა მელიას სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება და შეეძლო, ამით უზრუნველყო გირაოს გადახდა. მოსამართლემ პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქცევასაც. ირაკლი შვანგირაძის თქმით, ნიკა მელია არის არაკანონმორჩილი მოქალაქე.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 29 აპრილს შეეფარდა. მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ამასთან, ნიკა მელია სამართალდამცველებმა გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.