დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
ამასთან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ბაჩიაშვილს დაევალა კუთვნილი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება.
სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.