
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
კაკაბაძის განმარტებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა”.
კაკაბაძის თქმით, მხეიძეს არავითარი დანაშაული ჩაუდენია.
ადვოკატმა მხეიძის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, ამასთან, განმარტა, რომ თუკი, სასამართლო თანხის მეტ ოდენობას ჩათვლიდა საჭიროდ, ისინი აღნიშნულის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოახდენენ. ამასთან, კაკაბაძემ დამატებით ნებისმიერი სხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
ცნობისთვის, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ.
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.