რამდენი ვიზიტი იყო ბოლო პერიოდში დაგითვლიათ? – აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა მიმდინარეობს პარტნიორებთან, ეს რატომ ეცოტავება ვინმეს? მაინც და მაინც კულუარულად და ლობისტურად რაღაც საქმიანობა უნდა გვეწარმოებინა? ეს არ მგონია სწორი, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კითხვას, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ პარტნიორებში ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე მხარდაჭერა გაიზარდოს და თავად თუ მიმართავენ ლობისტურ კომპანიებს ამისთვის.
სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესის დაზიანებაზე მუშაობს და ეს დაადასტურა აშშ- ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც.
“საზოგადოება მინდა კარგად ხედავდეს, ადამიანები დღეს მოღვაწეობენ იმისთვის, რომ საქართველოს და არა რომელიმე თანამდებობის პირს, დაუწესდეს სანქციები. აქედან ჩანს ის, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ ვიზალიბერალიზაციას ხელს უშლიან, ევროპაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენივე ქვეყნის ოპოზიცია დადის უცხოეთში და აქტიურად შრომობენ, რომ პრობლემები შეექმნას ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამას ემატება უგულავას განცხადებები, რომელიც პანიკურად უყურებს ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქმე გვაქვს ოპოზიციურ ჯგუფთან, რომელიც შრომობს იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრკოლდეს და ეს გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ”, – განაცხადა სარჯველაძემ.