
საქართველოში ვიღაცას პოლიტიკური პროცესი ჰგონია არა სერიოზული მსჯელობა, არამედ იარლიყების და „ფეისბუკით“ შეურაცხყოფების მიყენება, ამიტომ ვართ ამ დღეში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, საჭიროა ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში სერიოზული მსჯელობა.
„ყველას მოვუწოდებ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა და მოდით, ყველა ის ძალა, ენერგია და ცოდნა, რომელიც გვაქვს, დავუთმოთ იმას, რომ არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ. შეცდომა არ დავუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში – ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი 13 წელი ხელისუფლებაში – და ამის მერე ერთიანი პოზიციით გამოვიდეთ. სერიოზული მსჯელობა გვჭირდება ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში. ეს არის ფორმატი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ეს არის ის ფორმატი პრეზიდენტთან, რომელიც ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გამოშვებას. ეს მოთხოვნა არის ძალაში. რა იქნება უკეთესი: ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? – ჩვენ ვიცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ყოველთვის ვართ ბრძოლის ხაზზე და ვართ ბრძოლაში შესვლის მომხრეები. მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება გაძლიერდება, თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, მით უმეტეს, მოგებულია ხუთი ქალაქი, მაგრამ ეს მსჯელობის საკითხია, სხვას სხვანაირი აზრი აქვს. ამიტომ, დღეს, ხვალ და ამ დღეებში ვხვდებით პოლიტპატიმრების დედებს, აქტივისტებს, რომლებიც რუსთაველზე არიან, ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ნორმალური მსჯელობა.
როცა ლაპარაკია ფორმატზე, ეს ფორმატი გულისხმობს იმის გაგრძელებას, რაც იყო შარშან. ეს იყო პარტია, სადაც მოვაწერეთ ხელი. შემდეგ იყო ოთხი კოალიცია, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში. ჩვენ გვინდა, ამ ფორმატში გაგრძელდეს საუბარი. სამწუხაროდ, მარტო ჩვენი კოალიციაა წარმოდგენილი და რამდენიმე პარტია სხვა კოალიციიდან, მაგრამ სამი კოალიცია იქ არ მონაწილეობს. ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, ეს ფორმატი აღდგეს და ერთიანი ფორმატი შეიქმნას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.