
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, „დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, შეცდომებსა და იმედგაცრუებას შეეხება“.
„კაცობრიობამ მძიმე პერიოდი გაიარა და საფრთხეები უკან მოტოვებული ჯერ კიდევ არ არის. მესამე მსოფლიო ომის თემა ისევ აქტუალურია, მსოფლიოში დენთის სუნი ისევ დგას. ამ ვითარებაში საქართველოსთვის ერთადერთი სწორი პოზიცია იყო ის, რაც ამ სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ უზრუნველყო – სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული. რასაკვირველია, ომის დაწყების პირველივე დღიდან უკრაინის ხელისუფლების პოზიცია იმ სცენარის განვითარებას გულისხმობდა, რაც მის გარეშე ადრე იყო დაწერილი. ის ხელისუფლებაში მშვიდობის ლოზუნგით როცა მოვიდა, ამაზე არავინ ფიქრობდა, არც საქართველოში. უკრაინის მიმართ მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ, მაგრამ კიევიდან მძიმე პასუხები იყო. ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა საქართველოში ისეთი კრიზისული ვითარება შექმნილიყო, რაც რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილებას და ომის ქარ-ცეცხლში საქართველოს ჩართვას გამოიწვევდა. ეს იყო სცენარი. ამ სცენარს თავი ავარიდეთ, თუმცა პრობლემები ისევ არსებობს. პოლიტიკურ სცენარზე დიდი მოთამაშეები მზად არ არიან, რომ ამ საომარ პროცესებს წერტილი დაუსვან და ჩვენც იგივე სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.