საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – უსიტყვოდ ემსახურონ თავიანთ უცხოელ პატრონებსა და დამკვეთებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს-ზაალ მიქელაძე

9
spot_img

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, აშშ-ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 99.98%-ზე მეტი სრულად აშშ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნებისმიერი ენჯეო კი, რომელიც უცხოეთიდან თუნდაც მცირე დაფინანსებას იღებს, FARA-ს რეესტრში რეგისტრირდება და უცხოური აგენტის სახელს ატარებს.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, უცხოური გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები აშშ-ს ენჯეოების 0.02%-ზე ნაკლებია და ამერიკის პოლიტიკაზე ნულოვან გავლენას ახდენენ.

„რაც ამერიკაში სტანდარტული წესია, იმას ჩვენთან ენჯეოების მოსყიდვად და დღემდე გაუგონარ მოვლენად აცხადებენ“, – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტით, საქართველოში მოქმედი აგენტურა ამტკიცებს – მათი მიზანია ემსახურონ უცხოელ პატრონებს და არა სამშობლოს და ქართველ ხალხს.

„საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების ,,უსამშობლო“ შემფასებლებისათვის: აშშ-ში, სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 1.5 მილიონიდან 1.98 მილიონამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათი 99.98%-ზე მეტი მთლიანად ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება – ზოგი ფედერალური, ზოგი შტატების, ზოგი კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ენჯეოების დაფინანსებაში, ზემოჩამოთვლილთან ერთად, მცირე როლს ასრულებენ აშშ-შივე არსებული კერძო ფონდებიდან მიღებული თანხები და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის დაფინანსებაში მონაწილეობენ უცხოელი დონორები.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ენჯეო, რომელიც უცხოეთიდან მიიღებს თუნდაც ერთ ცენტს, ავტომატურად ხვდება ამერიკის კანონში “უცხოური აგენტების რეესტრის” შესახებ (FARA) და, შესაბამისად, უცხოური აგენტის სახელიც გარანტირებული აქვს. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ FARA-ში მოხვედრილი აგენტების რაოდენობა 500-ის ფარგლებშია, საიდანაც ამერიკული ენჯეოები მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. შესაბამისად, აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური გრანტებით ფინანსდებიან, ამერიკული ენჯეოების 0.02 პროცენტზე ნაკლებია და პრაქტიკულად ნულოვან გავლენას ახდენენ ამერიკის პოლიტიკასა და ცხოვრებაზე.

თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ქართული ენჯეო და პარტიული აგენტურის ორმაგი სტანდარტი აქაც ძალაშია: რაც ამერიკაში სტანდარტული წესია, იმას ჩვენთან ენჯეოების მოსყიდვად და დღემდე გაუგონარ მოვლენად აცხადებენ. საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – უსიტყვოდ ემსახურონ თავიანთ უცხოელ პატრონებსა და დამკვეთებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს“, – წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.