„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.
მათივე მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი.
„გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად:
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გასულ წელს 17 641 პირი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 22 158;
სიმსივნეებით 2022 წელს სულ 4 530 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 7 641;
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 2022 წელს 2 951, 2021 წელს – 3 709;
ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 2022 წელს 18, 2021 წელს კი – 34 (მათგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს).