საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს -“ხალხის ძალა”

8
spot_img

დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს“.

„ამ წერილით გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს გაზეთ „ბათუმელებთან“, რომელშიც მრავლად გვხვდება მთელი რიგი უზუსტობები, პოლიტიკური სპეკულაციები და პირდაპირ რომ ვთქვათ – ტყუილები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სენსიტიურ საკითხებთან და რაც მთავარია, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

პოლიტიკოსებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კარგა ხანია ცხადია, რომ პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა.

საქართველოში ელჩად დანიშვნის დღიდან, პაველ ჰერჩინსკი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რასაც მისი არაერთი განცხადება და ნაბიჯი მოწმობს. ე.წ. ელჩი, რეალურად, საქართველოში მოქმედი, უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპიზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია და საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით, დანიშვნის დღიდან გასცდა ელჩის კომპეტენციას და უფლებამოსილებას.

საერთოდ რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პაველ ჰერჩინსკი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?!

ასეა თუ ისე, დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი.

ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს.

ამ ძალებისგან მომავალი საფრთხეზე ღიად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, რომლის თქმითაც, მათ სურთ რომ დაანგრიონ „დიფ სთეითი“, რომელიც ბრიტანეთს მართავს და ამერიკულზე უფრო ძველიცაა და უფრო ფართოდ გავრცელებულიც. ასევე, გავიხსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ებრძვიან ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც სოროსის იმპერია ჰქვია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს უხდიდა ფულს უნგრეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმისთვის და უნგრეთის წინააღმდეგ უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. მისივე განცხადებით, ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვისაა შექმნილი“,- ნათქვამია „ხალის ძალის“ განცხადებაში.

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ „სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს“.

„საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საელჩო, რომელიც წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად გვევლინებოდა, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არამედ არც კი გმობდა მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ზიზღის და მუქარის კამპანიებს. მეტიც, საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით, ევროკავშირის საელჩო მწვანე შუქს უნთებდა და უნთებს მათი დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, ძალადობას და სიძულვილს.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით, ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას.

ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან.

როგორ შეიძლება აქ არ ვახსენოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კატასტროფული რეზოლუცია და ევროპარლამენტის შენობაში გამართული სამარცხვინო სპექტაკლი, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ მზია ამაღლობელის „ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოდ“ მონათვლის მცდელობა და საზოგადოების მოტყუება, თითქოსდა მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაკავებული, მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მზია ამაღლობელმა სამართალდამცავს.

თავად განსაჯეთ რამდენის უფლებას აძლევენ ევროპელი „მეგობრები“ თავს, როდესაც ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, ნიკა მელია, მზია ამაღლობელი და სხვები პოლიტპატიმრებად შერაცხონ!

ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ საკადრისი პასუხი გავცეთ მათ!

ფაქტია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ, ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ! ოფიციალური ბრიუსელი ღიად ებრძვის და უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველო მოთმინების პოლიტიკას ატარებს. მართალია, ნებისმიერი სახელმწიფო პაველ ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ, არასასურველ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ შეგნებულად არ ვითხოვთ მის გაძევებას, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება პოზიტიური შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან ევროპული ბიუროკრატია იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ჰერნჩინსკის ნაცვლად შესაძლოა ბევრად უარესი კადრი მოავლინონ „ელჩად“.

პაველ ჰერნჩინსკის ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, პირდაპირ თუ ირიბად, მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი. რა თქმა უნდა, ეს მტკნარი სიცრუეა, რაც მან კარგად იცის, ისევე, როგორც ის, თუ რამდენად მკაცრია, მათ შორის, ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა სამართალდამცავთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და რა ტიპის პასუხისგება ახლავს ამგვარ ქმედებას თან.

პაველ ჰერჩინსკი ტყუის მაშინაც, როდესაც ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ევროკავშირის დაფინანსების ლომის წილი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სახელმწიფოს პირდაპირ დახმარებაზე მოდიოდა მაშინ, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის და წევრი ქვეყნების დაფინანსების ძირითადი ნაწილი მათი ინტერესების გამტარი, მათდამი ლოიალურად განწყობილი ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებაზე მოდიოდა, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების დამხობის დავალება აქვთ მიღებული.

სწორედ ამიტომ წუხს ბატონი ჰერჩინსკი ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობისა და „FARA“-ს კანონების გამო, რადგან ეს სამართლებრივი მექანიზმები მათთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია მუდმივად, ფარულად აფინანსონ მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარი ორგანიზაციები და სუბიექტები.

რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რომელიც, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ბრძანა, შეჩერებულია, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროპა, ხოლო ხელისუფლება უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს.

რასაკვირველია, ესეც მტკნარი სიცრუეა; პირველ რიგში, გაუგონარია ელჩის მიერ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნის მცდელობა იმ ფონზე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი მხარდაჭერა აქვს. ამას გარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალური სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გახადა, რომელმაც შრომისა და თავდადების ხარჯზე მიაღწია ყველა იმ სიკეთეს, რითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს.

თუმცა, როგორც გამოჩნდა, რეგიონში ვითარების დაძაბვისთანავე, ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროპული მისწრაფების სათავისოდ გამოყენება სცადა და ხელისუფლების შანტაჟის იარაღად გამოიყენა. ხოლო როდესაც სასურველ შედეგს და ხელისუფლების უპირობო მორჩილებას ვერ მიაღწიეს, სწორედ მათ, თანაც სრულიად უსამართლოდ გაყინეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ეს საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალეს.

პარალელურად, ოფიციალური ბრიუსელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, პრაქტიკულად, დემონიზაცია მოხდეს. ამაზე, ინტერვიუში, თავად პაველ ჰერჩინსკი საუბრობს:

„წარმოიდგინეთ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულს როგორ შეხედავენ მეგობრები, ოჯახის წევრები, საზოგადოება. ამიტომ სანქციების საკითხს უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ“.

ამ ფონზე, ელჩი წუხს იმაზე, თითქოს მმართველი გუნდი ევროკავშირს აბუჩად იგდებს და ევროპელ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას აყენებს. რეალურად, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საკუთარი ქმედებებით და პოლიტიკით, სწორედ ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა, ანგაჟირებული ევროპელი დეპუტატები აღვივებენ ევროსკეპტიციზმს საქართველოში.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი ვითარება, ეს არის საქმიანობა, რითაც დიპლომატი, მით უფრო ევროკავშირის ელჩი უნდა იყოს დაკავებული, რადგან ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, თუმცა ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან დღეს ჩვენ ურთიერთობა გვიწევს ევროკავშირთან, რომელიც ევროპულობისგანაა დაცლილი, ევროკავშირთან, რომელსაც გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ მართავს.

თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ აღინიშნოს პაველ ჰერნჩინსკის საქმიანობის ერთი „დადებითი“ მხარე – მისი, როგორც „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მაგალითზე, ვისი მთავარი ინტერესიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაა, ჩვენს მოსახლეობას შეგვიძლია ავუხსნათ ის კატასტროფული რეალობა, რაც დღეს ოფიციალურ ბრიუსელში სუფევს“,- აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.