“საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება”

28
spot_img

რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გამჭვირვალობის მიზანი ერთგვარი თვითმიზანი არ არის. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ქვეყნები უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში და ამას კანონით არეგულირებენ, აქ მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა არ არის კანონის მაინცდამაინც განსაკუთრებული მიზანი. საუბარია იმაზე, რომ გარდა კარგი საქმეებისა, რასაც ენჯეო სექტორი აკეთებს, მათ დააზღვიონ და სხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება შეეხებოდეს მაგალითად პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. ავიღოთ პირობითად, 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად, დანარჩენი 30% ხმარდება სავარაუდოდ ისეთ საქმეებს, რომლებიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. მაგალითად რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება. ბევრჯერ მოგვისმენია, გვინახავს მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული, პარალელური დათვლის მონაცემები, ისინი ყველა დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ“, – აღნიშნა მდინარაძემ.