საქართველოში არის არა 30 000, არამედ რამდენიმე ათასი მოქმედი „ენჯეო“, აქედან უცხოეთიდან 20%-ზე მეტ დაფინანსებას მცირე ნაწილი იღებს, ტყუილია, თითქოს მხოლოდ ერთმა პროცენტმა გაიარა რეგისტრაცია -მამუკა მდინარაძე

25
spot_img

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ თავის თავზე გამოსცადა ფაშისტური ბულინგის გემო, რასაც ვერ გაუძლო, დამარცხდა ამ ბულინგთან და უკან წაიღეს თავიანთი სიტყვები, სადაც აღიარებდნენ, რომ არანაირი აგენტი და მსგავსი მიდგომები გამჭვირვალობის კანონში არ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, „სირცხვილიამ“ პრაქტიკულად აღიარა ისიც, რომ არანაირი რუსული ჩანართები არ იყო კანონმდებლობაში.

„ეს იყო საუკუნის აფიორა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ საუკუნის აფიორას ერქვა – არა რუსულ კანონს. ეს იყო დადგმული, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, სპექტაკლი, რომელიც მიმართული იყო გამჭვირვალობის, ქართული სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, უნდა გამოვიყენო უხეში ტერმინი, იურიდიული კომიტეტის ახალგაზრდა, პროფესიონალმა იურისტებმა ყველა ადამიანს, რომელიც რუსულ კანონს უწოდებდა სპეკულაციურად და განზრახ, თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. ჩვენ ვნახეთ სამდღიანი პროცესი, როდესაც იურიდიული კომიტეტის აპარატის იურისტებმა მაღალ პროფესიულ დონეზე, ყველა კომპონენტში მოუგეს პროცესი „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა წარმომადგენელს, მათ შორის ზოგი იწოდება „ენჯეოდ“, ზოგი ჟურნალისტად და ა.შ. საერთო ჯამში ეს იყო უსამშობლოთა სარჩელი და საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირწმინდად მოიგეს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალმა იურისტებმა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სიცრუეა, თითქოს გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ ერთმა პროცენტმა.

„ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო – ამაზე დიდი ბინძური ტყუილი არ არსებობს. ისინი ითვლიან 30 000-დან, 30 000 „ენჯეო“ საქართველოში არ არსებობს, ეს მხოლოდ ფურცელზეა. როგორც შპს-ების რაოდენობა არის ასობით ათასი, რიგ შემთხვევაში ასე მოიხსენიებენ, ან ათობით ათასი, ასევეა 30 000 „ენჯეო“ საქართველოში ფურცელზე. რეალურად, მოქმედი „ენჯეო“ არის რამდენიმე ათასი და აქედან გაცილებით მცირე ნაწილი არის ისეთი, რომელიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან.

შესაბამისად, ერთი პროცენტი არის ძალიან დიდი ტყუილი. იგივე ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარჩელი წარადგინა მხოლოდ 0,5-მა პროცენტმა, აპროტესტებდა სულ 1.5 თუ 2 პროცენტი. ასეთი მარტივი ფეიკი საზოგადოებას არ უნდა აკადრო და შესთავაზო. როგორც კი ვინმე იტყვის, რომ ერთი პროცენტი არის მხოლოდ დარეგისტრირებული, იმწუთასვე უნდა ვუთხრათ, რომ აპროტესტებდა მხოლოდ 1.5 პროცენტი და 98.5 პროცენტი არ აპროტესტებდა. ამიტომ რეალობა მდგომარეობს შემდეგში: როდესაც ჩვენ გავიგებთ ზუსტ რაოდენობას, არა ფორმალურად, ფურცელზე არსებული, არამედ რეალურად მოქმედი რამდენი „ენჯეოა“ საქართველოში, აქედან რამდენი იღებს 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან, ანუ მას ევალება რეესტრში რეგისტრაცია, აქედან დათვალონ შემდეგ პროცენტები. რამდენჯერაც ერთ პროცენტს იტყვიან, თავის თავს გაუკეთებენ ლუსტრირებას, რომ ისინი არიან მატყუარები.

ვინც არ დარეგისტრირდა, მათი მიზანია გაუმჭვირვალობა, მოკლედ და ყოველგვარი ზედმეტი შეფასების გარეშე. ქვეყნის საწინააღმდეგოდ ფულის დამალვის მიზანი. ეს მიზანი ჰქონდათ, როცა ისინი იბრძოდნენ მორალურად გაუმართავი მეთოდებით საქართველოს და გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ დროისთვის 476 მსურველის განაცხადია შესული.