საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

15
spot_img

ჟენევა, ლონდონი და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, დაბალბიუჯეტურმა ‘’easyJet’’-მა დაიწყო. easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს  გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას  დაუკავშირებს. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ ჟენევიდან შეასრულა და 147 მგზავრი ჩამოიყვანა.

ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი  – გარეთ უარდი, დიდი ბრიტანეთის კონსული -ჩარმენ ლევერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ‘’easyJet”-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჟენევიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი კვირაში 2-ჯერ იფრენს. ხვალიდან კი ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონისა და მილანის მიმართულებით კვირაში დაიწყებს. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.