ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენო უმაღლესობავ, უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დღეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ჩვენთვის. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და უღრმეს მადლობას გიხდით ამისათვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა.
„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და წარმატებით, მათ აქვთ ყველა პირობა შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ და მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა. თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.