
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მედალი „დიდგორის ჯვარი“ გადასცა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ადმირალ კავო დრაგონესთან. გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ნატო-ს შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.