საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს

85
spot_img

საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, 11 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას გაემიჯნენ, პატრიარქთან შეთანხმებული იყო და გაუმართლებელია ამ განცხადების ავთენტურობაში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან გამოთქმული ეჭვები.

„11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საქმე ეხება დეკანოზ დავით ისაკაძის მიერ ქადაგებისას დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ღმერთმა შოვი „სატანური“ ფესტივალის გამო დასაჯა.

„ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში ერთი წლის წინ – იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. სატანური, ელექტრონული მუსიკის გარდა, 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, იქაური მოსახლეობისგან ვიცი.

შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და აი რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია“, – თქვა სასულიერო პირმა.