როდესაც უკრაინის მხარეს შევახსენე, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი, ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კითხვაზე, ბოლო პერიოდში სააკაშვილის საქმის მიმართ იყო თუ არა ინტენსიური ინტერესი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, რადგან უკრაინის მხარეს ამ მხრივ სრული ინფორმაცია ჰქონდა. ელჩის თქმით, რეალურად, შეხევდრებზე პერიოდულად ისმებოდა მათი მოქალაქის საკითხი, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებოდა, როგორც მისი მდგომარეობის, ასევე იურიდიული სტატუსის შესახებ.
„იმაზე საუბარი, რომ ინფორმაცია ვინმეს არ ჰქონდა და რაიმე ახალი გაიგეს გასულ კვირას, ჩემი აზრით, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – დასძინა ელჩმა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ქართული საელჩოს წარმომადგენლებს უკრაინაში, რომლებმაც უმძიმეს დღეებში არ დატოვეს უკრაინა და საელჩოს შენობიდან არ ჩამოხსნილა ქართული დროშა.
„როდესაც უკრაინის მხარეს შევახსენე, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი, ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა. ის, რომ უკრაინის მხარის მიერ დამატებითი კომენტარი არ გაკეთდა და რეალურად ისევ გამეორდა პოზიცია – სააკაშვილის თემაა მთავარი და ჩემს განცხადებაზე კომენტარი აღარ გაკეთებულა, ჩემი აზრით, ეს აჩვენებს, რომ მათ დამატებითი არგუმენტები არ ჰქონდათ. კერძოდ, ეს ყველაფერი რომ ძირს უთხრის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და რომ არ არის სამართლიანი მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის მიმართ; ის, რომ მათ დაივიწყეს ის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ გაუწია უკრაინას, ამაზე კომენტარი არ იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს საელჩო უკრაინაში მუშაობას აგრძელებს. უკრაინისადმი დახმარების პროექტები გაგრძელდება.
„პირველ ყოვლისა, საელჩო აგრძელებს მუშაობას. ვერ ვიტყვი, რომ ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მუშაობას გააგრძელებს. ვეცდები, რომ მუშაობის პროცესს თბილისიდან ვუხელმძღვანელო. პროექტები გაგრძელდება. ვცდილობდით, რომ ბავშვები უკრაინის დაზარალებული რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, ან იმ ოჯახებიდან, რომელთა ოჯახის წევრები ფრონტზეა, დაღუპულია ან დაჭრილია. ანუ, ის ბავშვები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებლის ან მათი ოჯახური მდგომარეობის გამო. ამიტომ, სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ და ამით ძალიან ვამაყობთ. ცხადია, ამაში მთავრობა გვერდით გვიდგას. პირველ ყოვლისა, ეს არის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელჩმა.
მან მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა უწყებას და განსაკუთრებით, კულტურის სამინისტროს.