საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა – დავით კეზერაშვილი

13
spot_img

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა, – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ავრცელებს.

როგორც დავით კეზერაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა.

„საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ “ქართული ოცნება” მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ჩემს სახელს მცდარად აკავშირებდა ქოლცენტრების ქსელთან, გასაჩივრებულია ბრიტანულ სასამართლოში და ეს გარემოება, შენიშვნის სახით, ხსენებულ ფილმს თან ერთვის. ამ მოვლენების მიმდინარეობისას, მისი საკონტროლო პაკეტი, ტელეკომპანიის დასაცავად, თანამშრომლებს გადაეცა. ფილმის შესახებ დავის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დასრულებისთანავე გახდება”, – ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.