საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე, ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს – ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები -მიხეილ სააკაშვილი

6
spot_img

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი პასუხს ვერ სცემს კითხვაზე, „რის გამო ზის მიხეილ სააკაშვილი?“

„იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, პრაქტიკულად, სწრაფად იკლებს ტურისტების რაოდენობა. მოვა დრო, როცა ნულზე ჩამოვა. თქვენ გინდათ, რომ ვიყოთ იზოლირებული, სადაც არავინ ჩამოდის, არავინ არ არის ამბის გამტანი, ვინც კი ხმის ამომღებია, ქვეყნიდან არის გაგდებული და ა.შ. თქვენ მეც გყავდით ქვეყნიდან გაგდებული, როდესაც არ მიშვებდით ქვეყანაში, არცერთი გზა არ დამიტოვეთ ქვეყანაში შემოსვლის, რათა ჩემს ხალხთან არ მქონოდა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმავეს აგრძელებთ ჩემი მრავალი წლით ჩაკეტვით. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის იდეას, სახელმწიფოებრიობის იდეას.

თქვენ ხომ არც გამოძიება აწარმოეთ. აბა, რა გამოძიება იყო, არცერთი ადამიანი არ გამოიკითხა, ვინ იყო სადილზე. თქვენ გგონიათ, ეს ინვესტიციები, რომლებიც მდინარედ მოდიოდა, ციდან ჩამოვარდა? ეს იყო დღედაღამ ამ ხალხის ტარება, მოფერება, შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ყველაფერი უფასო არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასმაგად დაგვიბრუნდა. ეს ის კი არ არის, საკუთარ ხალხს დენი მოჰპარო და ბიტკოინები გამოუშვა და მერე დამალო სადღაც ოფშორებში. ეს არის რეალური სამუშაო ადგილები, რეალური ინვესტიციები, ეს არის რეალური ხელფასები. მე ველაპარაკები ჩვენს ხალხს, ნუ გააბრიყვებინებთ საკუთარ თავს, ნუ მისცემთ საშუალებას, ამ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებით თავგზა აგიბნიონ და უბრალოდ გამყოფონ გაუგებრობაში. მართლები ხართ თქვენ და ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც იბრძვის, მართალია ყველა, ვინც არის სიმართლის, ფაქტების მხარეს. ეს ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა, პირველ რიგში, გათვლილია ქართველი ხალხის დემორალიზებასა და თავგზის აბნევაზე. როცა ეკითხებიან, სააკაშვილი რაზე ზის, ვერავინ სცემს პასუხს, ზოგი ამბობს, გირგვლიანის საქმეზე ზისო, რა შუაში ვიყავი იქ? პიჯაკების საქმე კი იცით უკვე. თქვენ გინდათ, ეს საქმე გადააქციოთ ვულგარულ თემად, მაგრამ ეს საქმე, ყველამ იცის, რომ არის თითიდან გამოწოვილი, როცა სხვა ვერაფერი აღმოაჩინეთ. მე საერთოდ არ მესმის, თემურ ჯანაშიასგან რა გინდათ? ის ასრულებდა უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ისე, როგორც ჩვენი ადმინისტრაციის ნებისმიერი სხვა წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს მისი ხელფასი 3 000-დან 4 000 ლარამდე იყო.

„საქმე, კონკრეტულად თუ ვინმეს აინტერესებს, ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, ჩემი ხელფასი იყო 3 000-დან 4 000 ლარამდე. ახლანდელი ე.წ. დეპუტატების ხელფასები არის თითქმის სამჯერ მეტი. ბუნებრივია, ამ ფულით მე ვერც დონალდ ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს, ვერც საპრეზიდენტო საჩუქრებს დავარიგებდი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომლებიც, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაიდუმლოებული იყო, რათა არ სცოდნოდა მტერს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ, ვის ხვდებოდა პრეზიდენტი, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან – ეს ყველაფერი იყო „გრიფით საიდუმლო“. ესენი მოვიდნენ და „გრიფით საიდუმლო“ მოხსნეს მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს. თავად გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში ყველაფრის საიდუმლოდ ხარჯვა. რაც მთავარია, ყველა ჩეკი ოფიციალურად გაფორმებულია. ყველაფერი არის ლეგალურად, გატარებულია ყველა კანონიერი ხარჯი“, – განაცხადა სააკაშვილმა.