საქართველოს პრემიერ-მინისტრი  საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში იწყებს ვიზიტს – ილია დარჩიაშვილი

15
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.

დარჩიაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და საინტერესო მექანიზმია იმისთვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკურად ასოცირებული ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ.

„პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის დისკუსიაში და პირველი იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია და ამ დისკუსიაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს გერმანიის კანცლერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ პლენარულ სესიაში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან ერთად შეჯამდება გამართული დისკუსია. ვფიქრობთ, ჩვენთვის მსგავსი ტიპის პლატფორმაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ევროპული ინტეგრაცია და გარდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.