საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

17
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდგომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას.

აღინიშნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი, რასაც ევროკავშირმა შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – არასამთავრობო და შესაბამისი მედიაორგანიზაციების მხრიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობას და ყოველწლიურ დეკლარირებას. პრემიერმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც მზად არის, მოისმინოს საგნობრივი მოსაზრებები კანონთან დაკავშირებით და დისკუსიის შედეგად სამართლებრივი შენიშვნები ვეტოს პროცედურის ფარგლებში ასახოს კანონში.