
კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA. ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ, როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ანალოგიურად, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ დღესვე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.