“საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს” – მარიამ ქვრივიშვილი

19
spot_img

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებებთან, რათა მდგრადად გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მეტ მგზავრს მოემსახუროს. ამის შესახებ ქვრივიშვილმა საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia-სა და თურქულ ავიაკომპანია AJET-ის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგად და დადებითად გადაწყვეტილი მოლაპარაკების კვალდაკვალ მუდმივად გვაქვს სიახლეები – ყოველთვე ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიაში შემოგვყავს ახალი ავიაკომპანიები ახალი პირდაპირი მიმართულებებით. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან, რათა მივიღოთ მეტი ახალი მიმართულებები, რაც გააძლიერებს ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia ამსტერდამი – თბილისი – ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისებს 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს, ხოლო თურქული ავიაკომპანია AJET სტამბული – თბილისი – სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად განახორციელებს.