ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატისტები არიან, – ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში, ჟენევის მოლაპარაკებების პერსპექტივების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ პრეზიდენტს არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატისტები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევაში დისკუსიამ შეიძლება რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, – აღნიშნა ბჟანიამ.
მისი მტკიცებით, აფხაზეთს სურს, „ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან“, კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს.
„თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, – აღნიშნა ბჟანიამ.