საქართველოს კურსი უცვლელია -კახა კალაძე

46
spot_img

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი უცვლელია – ქვეყნის ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან.

„მამული, ენა, სარწმუნოება – დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი უცვლელია – ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება, იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია. სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უკავშირდება.

„ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით არის გამყარებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ზოგადად, ყველა წარმატება, რაც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს, ასოცირდება იმ გუნდთან, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. დღეს ჩვენი ვალდებულებაა – გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის მთავარი საუნჯე, რასაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო და ამ ღირებულებებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი: მოდით 29 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ღონისძიება. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ მთავარი და უმთავრესი არის სამშობლო – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეკრების დისკრედიტაციას შეგნებულად ეწევიან.

„ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მოვიდეს აქციაზე და მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და გაძლიერებას. ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, საჯარო მოხელეებსაც კი“, – განაცხადა კახა კალაძემ.