საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს – ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი, ფრიდრიხ მერცი

23
spot_img

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.