საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს -კახა კალაძე “ღირსეული პარტნიორი 2024”-ის გადადებაზე

15
x
spot_img

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ საკითხის კომენტირებისას.

„ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება, აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები იქნება შეცვლილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა.

„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, – აღნიშნა მან.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგას.

„საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადებასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.