“საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა აქამდეც, თუმცა ახლა მითუმეტეს ეკუთვნის”

52
spot_img

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურები საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდიან.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ევროკომისიამ უკრაინის შემთხვევაში მოიწონა დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ვენეციის კომისია კი საქართველოს შემთხვევაში ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება იხელმძღვანელებს იმ მიდგომით, რომელიც იქნება ევროკომისიისთვის პრიორიტეტულად სწორი, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, საბოლოო ჯამში, სწორედ ის წყვეტს.

„რაც შეეხება ბუნდოვანებას დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენთვის პირდაპირ გაწერილი მიდგომა კანონის გზით უნდა დაგვერეგულირებინა ეს საკითხი თუ სხვა ფორმით, არ ყოფილა მოცემული. შესაბამისად, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ მიდგომით, რომელიც ევროკომისიამ აირჩია უკრაინასთან მიმართებით. ევროკომისიამ სამივე ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უთხრა კონკრეტული საკითხის მოწესრიგება და ერთ ქვეყანას, უკრაინას უთხრა, რომ მიღებული კანონის იმპლემენტაცია დაეწყო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებდით ამ მიდგომით, რომ თუკი ევროკომისიას მიაჩნია, რომ კანონის გზით საკითხის დარეგულირება კარგია, მაშინ საწინააღმდეგო ჩვენთან მიმართებით რა უნდა ყოფილიყო?! ამიტომ, ვთქვით, რომ ამ საკითხს ამ ფორმით დავარეგულირებდით, თუმცა ახლა უკვე ევროპის საბჭოს ერთ-ერთი სტრუქტურის პოზიციაა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ არის საჭირო, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციას და გვაქვს კოლიზია ევროპულ სტრუქტურებს შორის. ჩვენთვის პრიორიტეტული არის ევროკომისიის პოზიცია, ვინაიდან ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ამიტომ ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის პოზიციას და აღარ მივიღებთ კანონს, შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ ევროკომისიამ გვითხრას: „მე გავეცი რეკომენდაცია, თქვენ ნახეთ, რომ უკრაინასთან მოვიწონე მიდგომა კანონის გზით საკითხის დარეგულირების და თქვენ ამაზე რატომ თქვით უარი?“.- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოზიცია, რომელიც ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაეთანხმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის სახელით ვერ ისაუბრებს ვერავინ, ევროკომისიის სახელით საუბრობს მხოლოდ ევროკომისია.

„რაც იქნება ევროკომისიისთვის პრიორიტეტულად სწორი და მისაღები, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე არ შევფერხდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან 12 რეკომენდაციის შესრულების ზოგადი ტენდენციაც შეაფასა.

„რაც შეეხება მთლიანად რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, იცით, რომ დეპოლარიზაციის პუნქტი არის გამოწვევა. როგორ შეიძლება ეს შესრულებულად ჩაითვალოს? ვინ იქნება გარანტი იმის, რომ დეპოლარიზაცია აღარ იქნება? ასევე, იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით ნაწილობრივად არის შესრულებული, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გაწეული, რომ ეს პუნქტი სრულად შესრულებულიყო და სამი წევრი იქნა არჩეული და ამ პუნქტის შესრულებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები. რაც შეეხება ყველა სხვა პუნქტს და ყველა სხვა საკითხს, ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასპეკულაციოდ სივრცე არ დარჩეს, თითქოს რამე არ გაკეთდა. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა აქამდეც, თუმცა ახლა მითუმეტეს ეკუთვნის, როდესაც ჩვენ ამ შრომისა და ძალისხმევის შედეგად ერთგვარი ბონუსით და ავანსით მივმართავთ კიდევ ერთხელ ევროკავშირს, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.