გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად საქართველოში ჩამოდის გერმანული კერძო კომპანიების დელეგაცია.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი).
დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე.